სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლებას ფლობს, ჟურნალის ყოფილი
რედაქტორის რევაზ საყევარიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება "ფორბს ჯორჯიას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მათი ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსმა" რევაზ საყევარიშვილის ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება 26 მარტს მიიღო.
განცხადების თანახმად, გათავისუფლების მიზეზი საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების რუსული "ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან "არ მეგონა თუ გავხდებოდი მილიარდერი" (Ведомости: "Не думал что стану миллиардером") კოპირება გახდა.
"ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას" - აცხადებენ "მედია პარტნერსში.
კომპანიაში ასევე უარყოფენ აღნიშნული საქმის ცენზურასთან კავშირს და აცხადებენ, რომ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენი იურისტები გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს სწავლობენ" - აღნიშნულია განცხადებაში.
"ფორბს ჯორჯიას" მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობის დატოვებაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან ჟურნალის სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში შექმნილი ბარიერები გახდა. საყევარიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2011 წლის შემოდგომიდან მუშაობდა.
ჟურნალ "ფორბსის" ქართული გამოცემა - "ფორბს ჯორჯია საქართველოში 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის.
