31 მარტს თბილისის ექვს მოედანზე სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შორენა შავერდაშვილმა განუცხადა, აქციაზე სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი შეიკვრება.
მისი თქმით, სამოქალაქო აქციას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები - „მედია კლუბი“, „ტფილისის ჰამქარი“, „გუდიაშვილის მოძრაობა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „გამჭვირვალობა საქართველო“, კამპანია „ეს შენ გეხება“, სტუდენტური მოძრაობა „ლაკორპტორია“ და „მწვანე ალტერნატივა“ უწევენ.
შავერდაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების, საარჩევნო გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის, მედიის თავისუფლების და სხვა აქტუალური თემების ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის ჩვენებაა.
„თუ აქამდე საზოგადოება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებად იყო დაყოფილი, ახლა შევეცდებით პოლიტიკურ პროცესებზე ერთიანი ძალებით ვიქონიოთ გავლენა“- აღნიშნა შავერდაშვილმა.
აქცია სააკაძის, მარჯანიშვილის, თავისუფლების, ავლაბრის მოედნებზე, ვაკის პარკთან და მრგვალ ბაღში ერთდროულად გაიმართება. იგი გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.
