ეროვნულმა არქივმა მიხეილ ხერგიანთან დაკავშირებული მასალები გამოაქვეყნა
ეროვნულმა არქივმა მიხეილ ხერგიანთან დაკავშირებული მასალები გამოაქვეყნა
16:47 27.03.2012
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოჩენილ ქართველ მთამსვლელთან - მიხეილ ხერგიანთან დაკავშირებული მასალები და მათი მიმოხილვა გამოაქვეყნა.
მასალების მიმოხილვა ეროვნულმა არქივმა მთამსვლელის 80 წლის იუბილეს მიუძღვნა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, კინოდოკუმენტებს შორის მიხეილ ხერგიანისადმი მიძღვნილი ოთხი დოკუმენტური ფილმი ინახება - 1968 წელს რეჟისორ ოთარ გურგენიძის მიერ გადაღებული „მიხეილ ხერგიანი - კლდის ვეფხვი“, 1972 წელს ტელეფილმების სტუდიის ფილმი „გამარჯობა მიშა“, ამავე წელს გადაღებული რეჟისორ თენგიზ ნოზაძის ფილმი „მიხეილ ხერგიანი“ და ამავე სახელწოდებით 1981 წელს გადაღებული რეზო თაბუკაშვილის ფილმი.
„გარდა ამისა, მიხეილ ხერგიანს გამორჩეული ადგილი უჭირავს 1965 წელს თენგიზ ნოზაძის გადაღებულ ფილმში „ჭიდილი კლდესთან“.
უახლესი ისტორიის არქივში, მინისტრთა საბჭოს სპორტისა და ფიზკულტურის კომიტეტის ფონდში დაცულია მიხეილ ხერგიანის პირადი საქმე, სადაც გაერთიანებულია მისი ავტობიოგრაფიები, დახასიათება, სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამსახველი მასალები“ - ნათქვამია მიმოხილვაში.
ფოტოარქივში ალპინისტისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოებიც ინახება.

ბეჭდვა