"ტფილისის ჰამქარი" დედაქალაქის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს
"ტფილისის ჰამქარი" დედაქალაქის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს
15:02 26.03.2012
არასამთავრებო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" "იმელის" შენობისა და გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

"ტფილისის ჰამქარმა" პროექტ "აღმოაჩინე შენი თბილისის" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს პრეზენტაციაზე წარმოადგინა.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ "იმელის" - ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობას 2007 წლის 20 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2011 წლის 17 აგვისტოს კი, საინვესტიციო კომპანია "დაბი გრუპ ვოსტკმა" მისი დემონტაჟი დაიწყო.

"ტფილისის ჰამქრის" ინფორმაციით, "იმელის" შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა უკანონოა.

რაც შეეხება გუდიაშვილის მოედანს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის თქმით, 2011 წლის მაისში ინვესტორ "ირაო მაგნატ გუდიაშვილსა" და თბილისის განვითარების ფონდს შორის დადებული ხელშეკრულება კანონდარღვევით გაფორმდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, თბილისის მერიისგან მათ მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

"ტფილისის ჰამქარმა" რეკომენდაციები შეიმუშავა და მათ შესაბამის ორგანოებს გადასცემს. რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - თბილისის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების რესტავრაცია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიის სტანდარტების მიხედვით მოხდეს, ხოლო "იმელის" შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აღუდგეს და მისი საპროექტო და საინვესტიციო ინფორმაცია საჯარო გახდეს.



ბეჭდვა