ეკლესია ხვალ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
ეკლესია ხვალ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
14:01 24.03.2012
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.

როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაული გარდამავალია და ის ყოველთვის დიდი მარხვის მე-4 კვირას იხსენიება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 09:00 საათზე აღავლენს.

საზეიმო ღვთისმსახურებაზე შესრულდება წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, რომლის დასრულებისთანავე ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულის მოსახსენებლად სამადლობელ პარაკლისს აღავლენენ.

25 მარტს ღირსისა იოანე კლემაქსისა, წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა, წმ. გრიგოლ დიალოღონისა - რომის პაპისა, ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა, მართლისა ფინეზისა და ღირსისა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ხსენებაც აღინიშნება.

დიდმარხვის მე-5 კვირას წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენება აღინიშნება.

დიდი მარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ბეჭდვა