მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ჩაკეტილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე შეცვლილია მოძრაობის წესებიც. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა მიიღო.
დიღმის მიმართულებით მოძრავ მძღოლებს შუქნიშანზე გაჩერება აღარ მოუწევთ. ისინი ელბაქიძის აღმართის, თამარ მეფის ან ვახუშტის ხიდეის საშუალებით უნდა გადაადგილდნენ.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები გახდა, რომლის ფარგლებშიც ახალი პანდუსები, ხიდები და ესტაკადები ეწყობა.
მერიის ოფიციალური ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 100 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება.
სამუშაოებზე წლის განმავლობაში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ორთაჭალიდან "ლაგუნა ვერესკენ" მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გალაკტიონის ხიდის ქვეშ სანაპიროზე ცალმხრივად, შეუჩერებლად იმოძრავებს.
გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სანაპიროს აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშანი, რაც ავტომობილების უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას უზრუნველყოფს.
