პროფესიული სწავლების პროგრამაში ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა
პროფესიული სწავლების პროგრამაში ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა
16:37 23.03.2012
პროფესიული სწავლების ახალ სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობაზე დღეისთვის ათასამდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 აპრილს დამთავრდება, ხოლო სწავლა 1 მაისს დაიწყება.

გილაურის განცხადებით, ვაუჩერების დარიგების პირველ ეტაპზე უპირატესობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ენიჭებათ. მათ შეუძლიათ მივიდნენ გადამზადების ცენტრებში, აიღონ ათას ლარიანი ვაუჩერი და ამ თანხის ფარგლებში შესაბამისი მომსახურება მიიღონ.

პრემიერის თქმით, რეგისტრაციის ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში მოქმედებს. მომავალში კი - თელავში, ახალციხესა და ზუგდიდშიც გაიხსნება.

გილაურის განცხადებით, ძირითადი მოთხოვნა მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროზეა.

"მნიშვნელოვანია, რომ გადამზადებულმა მოქალაქეებმა შემდეგ შესაბამისი სამსახური ნახონ. ამის გამო, საქმეში კერძო სექტორი ჩავრთეთ, რომლებიც ვაკანსიებს რეგულარულად აქვეყნებენ" - განაცხადა გილაურმა.

ბეჭდვა