ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის "ტრადიციული რეწვის" პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის "ტრადიციული რეწვის" პრეზენტაცია გაიმართა
20:00 22.03.2012
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში პროექტის "ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, თბილისის მერიის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ,,ისტორიალის", "ევროპის სახლისა", საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სსხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ურუშაძის შეფასებით, საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

"თბილისის მერია ამ პროექტში აქტიურად არის ჩართული და ჩვენი მიზანია მთავარ გამოწვევას - მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ვუპასუხოთ. ასევე, დასაქმებული პირები ამ პროექტის საშუალებით შეძლებენ საკუთარი ხელით შექმნილი ნაწარმის გასაღებისთვის ახალი ბაზარი მოიპოვონ" - აღნიშნა ურუშაძემ.

შეხვედრაზე პროექტის შესახებ შედგენილი ბროშურის პრეზენტაციაც მოეწყო.

ტრადიციული რეწვის განვითარების პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდება.

პროექტის მიზანია ტრადიციული რეწვა ეკონომიკურად მომგებიან სფეროდ იქცეს.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ტრადიციული რეწვის ინოვაციური დიზაინის და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ ევროპაში გაემგზავრონ და საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ.

ბეჭდვა