"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენლები პარლამენტის მიერ "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ.
როგორც ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მომზადებისა და მიღების პროცესში "გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ" კონვენციის მოთხოვნები დაირღვა.
მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" მისი არაკონსტიტუციურად ცნობისა და გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შეთანხმების გაფორმებაა შესაძლებელი, შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში, დაინტერესებული პირის მიერ, სახელმწიფოსთვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, განხორციელებული ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება.
