"ატსტუპნიკები" საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, შიმშილობას აგრძელებენ.
ამის შესახებ დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა.
ლაღიძის თქმით, უკვე 6 დღეა მისი პარტიის ოფისში ხუთი "ატსტუპნიკი" შიმშილობს ერთადერთი მოთხოვნით - საცხოვრებელი ფართის უპირობოდ დაკანონება.
როგორც "ნისუსპრესს" პარტია "მომავალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გელა ჩივაძემ განუცხადა, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. ისინი შიმშილობას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აპირებენ.
"ატსტუპნიკებს" საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელი სახლები არა ოფიციალური დოკუმენტით, არამედ მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით აქვთ შეძენილი. მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის, მაშინ მხოლოდ სიტყვიერი შეთახმება იდებოდა.
დღეისთვის დედაქალაქში 40 000-მდე "ატსტუპნიკია".
