მერია ბილეთიანი მგზავრების დაჯარიმების ფაქტებს უარყოფს
მერია ბილეთიანი მგზავრების დაჯარიმების ფაქტებს უარყოფს
14:21 22.03.2012
თბილისის მერიაში საქალაქო ტრანსპორტის კონტროლიორთა მხრიდან ბილეთიანი მგზავრების დაჯარიმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა გიორგი ქაფიანიძემ საკრებულს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრის ზაზა გაბუნიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

ქაფიანიძემ ბილეთიანი მგზავრების დაჯარიმების ფაქტები გამორიცხა. თუმცა, არ გამორიცხა კონტროლიორთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტები და განაცხადა, რომ ისინი რეგულარულად მოწმდებიან და გადაცდომების შემთხვევაში, თანამშრომელი ისჯება ან სამსახურიდან თავისუფლდება.

სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ კონტროლიორების ანაზღაურებასთან არანაირი კავშირი არ აქვს მათ მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობას. მან აბსურდი უწოდა კონტროლიორებისთვის დიდი ოდენობით მგზავრის დაჯარიმების დავალების მიცემის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

ქაფიანიძის თქმით, თუ ვინმეს მათი სამსახურისგან დამოუკიდებლად სურს მონიტორინგი განხორციელება, მათი ნებაა.

დღეს გაბუნიამ ბრიფინგზე კონტროლიორთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშრებით, მერიის დავალებით, კონტროლიორების მხრიდან საქალაქო ტრანსპორტის მგზავრთა დაჯარიმების ფაქტებმა იმატა, ისინი ხშირად ბილეთან მგზავრებსაც აჯარიმებენ.

ბეჭდვა