"თრიალეთის" დირექტორი მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
"თრიალეთის" დირექტორი მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
18:58 21.03.2012
ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლის მცდელობის ფაქტზე საუბრობს.
როგორც მან "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, გუშინ საღამოს კომისიის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და დოკუმენტის გადაცემის მიზნით, ქალაქის გამგეობის შენობის წინ შეხვედრა სთხოვეს. ნანეტაშვილის ინფორმაციით, მან ამ პირებს ტელეკომპანიაში მისვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, ნანეტაშვილი მათთან შესახვედრად გავიდა. იქ მისულს მარეგულირებელი კომისიის ოთხი თანამშრომელი დახვდა, რომელთაგან ერთი - ნიკა ტაბატაძე ამოიცნო.
მისივე ცნობით, კომისიის თნამშრომლებმა შეხვედრაზე აუხსნეს, რომ ტელევიზიის მაუწყებლობის სიხშირის გადამცემი სწორად არ იდგა, გასწორება სჭირდებოდა და ამასთან დაკავშირებით შედგენილი ოქმის გადაცემა სურდათ. თავად ნანეტაშვილი ამ ფაქტს ტელეკომპანიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.
"ნორმალურ ორგანიზაციებში ღამით დოკუმენტის გადაცემა არ ხდება. თუ რაიმე გასასწორებელია, კი ბატონო გასწორდება და პრობლემა აღმოიფხვრება, მაგრამ რა შუაშია ამასთან ღამით ოქმების დატოვება? ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ სურთ კომპანიის ხელმძღვანელობის დაშინება" - განაცხადა ნანეტაშვილმა და აღნიშნა, რომ მან კომისიის თანამშრომლებს ოქმის მიღებაზე უარი უთხრა და განუცხადა, რომ კომისიიდან ოფიციალურ წერილს დაელოდება.

ბეჭდვა