დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტი შესაძლოა გადაიხედოს
დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტი შესაძლოა გადაიხედოს
17:55 21.03.2012
თბილისის მერიაში დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტზე მსჯელობენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ NDI-ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა. 
ამ კვლევის თანახმად, მოსახლეობის 72% მთავარ ადგილობრივ პრობლემად, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმას ასახელებს. 
ვახტანგ ბალავაძის თქმით, მოსახლეობის ეს წუხილი ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტში ყველაზე სამართლიანად იქნა მიჩნეული.
,,თბილისის დასუფთავების პრობლემა მოსაგვარებელი იყო, რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა და ჩაითვალა, რომ ეს ყველაზე მარტივი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. თბილისის მერიაში მუშაობენ ფორმულაზე, თუ რანაირად შეიძლება ამ ფორმულაში კოეფიციენტების შეტანა. მაგალითისთვის,შესაძლოა, სეზონურად სხვა კოეფიციენტი იყოს. ფაქტია, რომ ეს გადასახადი მტკივნეულია ერთი ნაწილისთვის, ზოგი კი - არსებული ფორმულით ნაკლებს იხდის" – აღნიშნა ბალავაძემ. 
მისი განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მოიძებნოს გზა, რომელიც მოსახლეობის ამ ნაწილს გადასახადის ტვირთს შეუმსუბუქებს. 
წინასწარი ინფორმაციით, დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტი შესაძლოა, გადაიხედოს. 

ბეჭდვა