არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტთა უფლებების ლიგა“ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა - "Summer job”-ზე რეგისტრაციისას არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს.
როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია შელეგიამ დღეს განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, სტუდენტთა რეგისტრაციის მომენტში ვებ-გვერდი გამართული არ იყო.
მისი თქმით, რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ვებ-გვერდზე შესვლა არ ხერხდებოდა. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე კი, მსგავსი ხარვეზების არსებობა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო.
„პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ისეთი ვებ-გვერდი უნდა შექმნილიყო, რომელიც მსგავს დატვირთვას გაუძლებდა. თუ ეს დიდ ხარჯებს მოითხოვდა შესაძლებელი იყო ალტერნატიული საშუალების გამოყენება, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა“ - განაცხადა ნათია შელეგიამ.
„სტუდენტთა უფლებების ლიგის“ წევრები არსებული ხარვეზების გამოსწორებას და სტუდენტების თანაბარ პირობებში ჩაყენებას მოითხოვენ.
