შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სამინისტროში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ოფიცილურად წარადგინა.
გილაურმა ყოფილ მინისტრს ანდრია ურუშაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პერიოდი ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში წარმატებული იყო.
"რეფორმების 60-70% დასრულებულია, თუმცა, ყველაზე რთული მომენტი - ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა და წერტილის დასმა, ჯერ კიდევ წინ არის" - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მისივე განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მას ჯანდაცვის სფეროში ბევრი კარგი იდეა აქვს.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, სოციალური დაცვის და ჯანდაცვის სფეროები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის თითოეულ ოჯახს და მოქალაქეს ეხება.
"ჩემი ამოცანაა დაწყებული რეფორმა ერთი მხრივ წარმატებით დავასრულო და მეორე მხრივ, ამ რეფორმის წარმატება თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს" - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
