თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წიგნის - "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორები გიორგი გოგოლაშვილი, ავთანდილ არაბული, მურმან სუხიშვილი, მარიამ მანჯგალაძე, ნინო ჭუმბურიძე და ნინო ჯორბენაძე არიან.
გიორგი გოგოლაშვილის თქმით, "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის" აკადემიურმა კურსმა ქართველ ლინგვისტთა რამდენიმე თაობის მეცნიერული ნააზრევი გააერთიანა.
"ეს წიგნი ქართული ენათმეცნიერების განვითარების ისტორიაში საპატიო მნიშვნელობის ნაშრომია. მან უნდა იტვირთოს ის როლი, რაც თავის დროზე შეასრულა ანტონ ბაგრატიონის "ქართული ენის ღრამატიკამ" და შემდეგ აკაკი შანიძის "ქართული გრამატიკის საფუძვლებმა"- განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.
მარიამ მანჯგალაძის განმარტებით, "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის" აკადემიურ კურსს გარდა თეორიული მნიშვნელობისა, დიდი პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს და იგი ქართული ენის მეცნიერული შესწავლის მსურველებს დიდ სამსახურს გაუწევს.
