საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას ალტერნატიულ წინადადებებს სთავაზობს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო და სოციალური პეკეტების შემოღებით მთავრობა სახელმწიფოს მიერ გასაცემი თანხის მხოლოდ დასახელებას ცვლის და არა თავად პენსიის ოდენობას.
მისი თქმით, მინიმალურ პენსიად კვლავ 55 ლარი რჩება, რაც საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია, ასევე სახეზეა სქესის მიხედვით მოქალაქეთა დისკრიმინაცია, რადგან მამაკაცები 140-ლარიან საპენსიო პაკეტს 67 წლიდან მიიღებენ, ქალბატონები კი - 62 წლიდან.
"ქრისტიან-დემოკრატები" ასევე მოითხოვენ, რომ მთავრობამ რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის თანხა გამოყოს.
ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სოციალურ პაკეტში 45 000 ომის ვეტერანის სახელმწიფო დაზღვევით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. მისი თქმით, ეს ადამიანები სასაცილო პენსიებით ცხოვრობენ და ყველა სოციალური დახმარება და შეღავათი მოხსნილი აქვთ.
"ქრისტიან-დემოკრატები" საკუთარ ალტერნატიულ წინადადებებს საპენსიო კანონმდებლობის მეორე მოსმენით განხილვისას დააფიქსირებენ.
