ქდმ და "სტუდენტთა უფლებების ლიგა" სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში ხარვეზების გამოსწორებას ითხოვენ
ქდმ და "სტუდენტთა უფლებების ლიგა" სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში ხარვეზების გამოსწორებას ითხოვენ
14:14 19.03.2012
ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები" და "სტუდენტთა უფლებების ლიგა" განათლების მინისტრისგან "სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში" შესარჩევი კრიტერიუმების  გამჭვირვალობას ითხოვენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების" წევრმა გიორგი თაქთაქიშვილმა განუცხადა, სტუდენტთა დასაქმების პროგრამისთვის უნივერსიტეტის თვითმმართველობები, შერჩევითი პრინციპით, სამინისტროში სიებს უკვე გზავნიან. ამდენად, მისი თქმით, 20 მარტიდან დაგეგმილი რეგისტრაციისას, მსურველი სტუდენტები აპლიკაციის შევსებას ვერ მოასწრებენ, რადგან სიები უკვე შედგენილი იქნება.
"მოვითხოვთ პროცესის გამჭვირვალობასა და ხარვეზების აღმოფხვრას. დაველოდებით 20 მარტს და ჩვენი ეჭვის გამართლების შემთხვევაში, სტუდენტთა უფლებების დასაცავად ბრძოლას გავაგრძელებთ"- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
სტუდენტთა დასაქმების პროგრამა - Summer job პრეზიდენტის ინიციატივაა. სტუდენტთა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში 20 მარტიდან იწყება. 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 25 000 სტუდენტი უნდა დასაქმდეს.

ბეჭდვა