"ეს შენ გეხება" კონტროლის პალატის ქმედებებს უარყოფითად აფასებს
"ეს შენ გეხება" კონტროლის პალატის ქმედებებს უარყოფითად აფასებს
20:02 16.03.2012
კამპანია "ეს შენ გეხება" ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან "მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის ფაქტებს" უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კამპანიის ორგანიზატორიების ინფორმაციით, 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაკითხულთა რაოდენობამ 150 მოქალაქეს გადააჭარბა.
"ეს შენ გეხებაში" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, კონტროლის პალატის ქმედებები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა დევნის ნიშნებს შეიცავდა.
კამპანიაში აღნიშნავენ, რომ ადვოკატებს დაკითხვაზე დასწრების მხრივ პრობლემები ექმნებოდათ. ასევე, დაკითხვისას ადგილი ჰქონდა ადვოკატის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტსაც, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ღირსების შემლახველი ქმედებები ხორციელდებოდა.
"კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობისას გამოყენებული ზეწოლის ხერხები მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს" - ნათქვამია კამპანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კამპანიის წევრების აზრით, აღნიშნული ქმედებები მოქალაქეებში შიშის დანერგვას შეუწყობს ხელს და წისაარჩევნო გარემოს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს.

ბეჭდვა