განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აზერბაიჯანელ და სომეხ აბიტურიენტებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში შედგა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდას გულისხმობს.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე - აზერბაიჯანულად და სომხურად ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან.
ერთი წლის განმავლობაში კი, სტუდენტები ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე - უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას.
