"ცენტრ პოინტის" დაზარალებული კლიენტები აშშ-ს ელჩს მიმართავენ
"ცენტრ პოინტის" დაზარალებული კლიენტები აშშ-ს ელჩს მიმართავენ
13:36 14.03.2012
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია "დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა და სამშენებლო კომპანია  "ცენტრ პოინტის" დაზარალებულმა კლიენტებმა აქცია გამართეს.
როგორც ასოციაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, მათ ხელთ აქვთ დასაბუთებული სამხილები კომპანიის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ. მათ შორისაა ყალბი გარიგებები, ფართების დაყადაღება და სხვა.
მისი თქმით, 6 200 დაზარალებული ოჯახიდან კომპანიამ 500 მლნ აშშ დოლარი მიითვისა.
დაზარლებულ მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადებით, დეველოპერული კომპანია "დექსუსი", რომელმაც "ცენტრ პოინტის" აქტივები 2010 წელს გადაიბარა, 30 000 მოქალაქისგან მთლიანი ღირებულების 18 %-ის დამატებას ითხოვს, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე 100-დან 200 აშშ დოლარს შეადგენს.
ასოციაციის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მიმართვა გაუგზავნეს, რომელზეც აქციის მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.
აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მათ მოთხოვნებზე რეაგირებას მოახდენს და "ცენტრ პოინტის" მიერ დაწყებული მშენებლობები დროულად დასრულდება.
მორიგი აქცია 28 მარტს მერიასთან გაიმართება.


ბეჭდვა