ზაზა გაბუნია ხელისუფლებას უსინათლოთა პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს
ზაზა გაბუნია ხელისუფლებას უსინათლოთა პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს
14:38 13.03.2012
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია ხელისუფლებას უსინათლოთა პრობლემების გადაჭრის წინადადებით მიმართავს.
მან დღეს პრესკონფერენცია უსინათლოთა კავშირის წევრებთან ერთად საკრებულოში გამართა.
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სთხოვენ ოთხივე კატეგორიის უსინათლოებს შეღავათები აღუდგინონ კომუნალურ, სამგზავრო და საკომუნიკაციო გადასახადებზე, უზრუნველყონ ისინი ადეკვატური სადაზღვევო პაკეტით. ასევე, ფონიჭალაში უსინათლოთა კომპაქტურად ჩასახლებასთან გადასასვლელი ხიდები გაიმართოს და საქალაქო ტრანსპორტი ხმოვანი დაფებით აღიჭურვოს.
ზაზა გაბუნიას თქმით, ჩამოთვლილთაგან თითოეული საკითხის მოგვარება უმნიშვნელოვანესია, იმისთვის, რომ უსინათლოებს გარემოზე ხელმისაწვდომობის მეტი საშუალება ჰქონდეთ.
"ეს არ არის წყალობა, ეს აუცილებლობაა. ვწუხვარ, რომ ამის შეხსენება საჭიროა ხელისუფლებისთვის" - განაცხადა გაბუნიამ.
უსინათლოთა კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრის ემზარ ლომთათიძის განცხადებით კი, 2005 წლიდან უსინათლოებს ყველანაირი შეღავათი გაუუქმდათ და ისინი პენსიის იმედად დარჩნენ.
"ვითხოვთ შეღავათებს, ჩვენი პენსია მხოლოდ გადასახადებსაც ვერ უძლებს" - განაცხადა ემზარ ლომთათიძემ.

ბეჭდვა