"ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" გაზეთის გამოცემას იწყებს
"ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" გაზეთის გამოცემას იწყებს
14:32 13.03.2012
სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" ყოველკვირეული გაზეთის - "თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი" გამოცემას იწყებს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" მოძრაობის ხელმძღვანელმა ნესტან კირთაძემ განუცხადა.
კირთაძის განცხადებით, აღნიშნული გაზეთი გაზაფხულიდან ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ერთად გამოიცემა. მისი მიზანი სამშვიდობო გზავნილებზე ერთობლივი საინფორმაციო სივრცის მეშვეობით პირდაპირი კონტაქტისა და დიალოგის განხორციელებაა.
ნესტან კირთაძის განცხადებით, გაზეთი "თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი" აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც გავრცელდება და ის უფასო იქნება.
"გაზეთის მზადების პარალელურად მიმდინარეობს მზადება ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრისთვის. მოვძებნით იმ თემებს, რომლებიც ერთმანეთთან დაგვაახლოებს " - განაცხადა კირთაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიაწვდის.
კირთაძის განცხადებით, პროექტის პრეზენტაცია ახლო მომავალში ბრიუსელსა და ბერლინში გაიმართება.

ბეჭდვა