"ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯანდაცვის პოლისით უზრუნველყოფას ითხოვენ.
ამის შესახებ პარტიის წევრებმა მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ახვლედიანმა გორში საბიაშვილების ოჯახში სტუმრობისას განაცხადეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა 10 წლის გუკა საბიაშვილი მოინახულეს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.
"თბილისისგან განსხვავებით, სადაც ასეთი სტატუსის მქონე ბავშვებს მერია ეხმარება, რეგიონებში ოჯახები მთლიანად დაუცველები არიან. ვითხოვთ სექტემბრიდან, როცა ძალაში შევა დაზღვევის ახალი პროგრამა, რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აუცილებლად დაურიგდეს ჯანდაცვის პოლისები" - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 3 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს და მათი მკურნალობისთვის დაახლოებით 180 ათასი ლარია საჭირო.
