"ცენტრ პოინტის" დაზარალებული კლიენტები აქციას აშშ-ს საელჩოსთან გამართავენ
"ცენტრ პოინტის" დაზარალებული კლიენტები აქციას აშშ-ს საელჩოსთან გამართავენ
16:34 12.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია" და სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულები 14 მარტს აშშ-ს, როგორც  დემოკრატიული ქვეყნის საელჩოსთან, ერთობლივ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" ასოციაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, მათ ხელთ აქვთ დასაბუთებული სამხილები კომპანიის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის შვიდი დანაშაულის შესახებ, მათ შორისაა ყალბი გარიგებები, კრედიტები, ფართების უკანონო დაყადაღება და სხვა.
მისი თქმით, დაზარალებულთა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია "დექსუსი" კი, რომელმაც "ცენტრ პოინტის" აქტივები გადაიბარა, დაზარალებულთაგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
"დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლების თქმით, 2003-2010 წლებში "ცენტრ პოინტის" მიერ 6 200 ოჯახი დაზარალდა, რომელთაგან კომპანიას 350 მილიონი აშშ დოლარი აქვს მიღებული.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს ამ საკითხის მოგვარებით დაინტერესდეს.
"ცენტრ პოინტის" კლიენტების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება "დექსუსმა" 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით დაიწყო. ხელშეკრულების თანახმად, "დექსუსმა" "ცენტრ-პოინტის" ყველა პროექტი და მათთან დაკავშირებული ვალდებულებები 3 წლის ვადაში მოგვარების პირობით გადაიბარა.



ბეჭდვა