ტრეფიკინგის მსხვერპლ არასწრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად საკანონმდებლო ბაზა იხვეწება.
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი განიხილეს.
ახალი კანონპროექტის ინიციატორის, ვიცე–სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია და მოქმედი კანონმდებლობის საერთაშორისო დოკუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ტრეფიკინგის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ვინაობის, მოქალაქეობის, მშობლებისა და ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის დადგენას, მათ თავშესაფრებში განთავსებას, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის პროცედურებს.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, მისი მსხვერპლად იდენტიფიცირების საკითხს უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფი განიხილავს.
