აღმოჩენილია არალეგალური საწყობი სადაც დევნილებისთვის დასარიგებელი ინახებოდა
აღმოჩენილია არალეგალური საწყობი სადაც დევნილებისთვის დასარიგებელი ინახებოდა
17:01 28.12.2012
დევნილთა სამინისტრომ არალეგალური საწყობები აღმოაჩინა, სადაც 2008-2009 წლებში დევნილებისთვის დასარიგებელი სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ინვენტარი ინახებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მინისტრმა დავით დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. სამინისტროს ცნობით, საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო, ფულადი და მატერიალური სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვაზე.
მინისტრის თქმით, საქმე ეხება დევნილთა საჭიროებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ინვენტარის, სურსათის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ინვენტარის და სხვა ნივთების დიდი ოდენობით დაზიანებას, დევნილებისთვის არგადაცემას და სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზარალს.
დავით დარახველიძის განცხადებით, თბილისის ტრიტორიაზე ხუთი არალეგალური საწყობია აღმოჩენილი.
„ეს საწყობები არალეგალურია, ისინი არ ირიცხება როგორც სამინისტროს საკუთრება ან ქონება, ეს სავარაუდოდ არის დაქირავებული საწყობები, მაგრამ ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის. სამინისტროს ამ საწყობების მფლობელთათვის 5 წლის განმავლობაში ფული არ აქვს გადარიცხული. მიუხედავად ამისა, მეპატრონეები საწყობების გამონთავისუფლებას, მის უკან დაბრუნებას, ან ფულის გადახდას არ ითხოვენ“ - აღნიშნა მინისტრმა.
სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამუშაო გეგმის შესაბამისად დაიწყო შიდა აუდიტი, რომლის საინვენტარიზაციო კომისიამაც მატერიალური მარაგის შეძენა-განკარგვის კანონირების შესწავლის შედეგად გამოავლინა შემდეგი ფაქტები:
2012 წლის პირველი დეკემბრისათვის კომისიამ დაადგინა 8 777 ერთეული სხვადასხვა დასახელების 289 134 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგის დანაკლისი. ფაქტობრივად აღრიცხული მარაგიდან 150 545 ლარის ქონების დაზაიანება იმ დონემდე, რომ ის გამოუსადეგარია შემდგომი გამოყენებისათვის და შესაბამისად წარმოადგენს ზარალს. აუდიტით დადგინდა 41 200 ლარის 206 ცალი ტელევიზორის და 100 875 ლარის ღირებულების 375 მაცივრის დანაკლისი, ჯამში ეს 142 075 ლარია. საწყობებში აღიწერა სამინისტროს მიერ 2008-2009 წლებში შეძენილი 10-მდე ტონა მაკარონი, 6 ტონამდე იოდიზირებული მარილი, 1,7 ტონა წიწიბურა, რომელიც, რა თქმა უნდა, დღეის მდგომარეობით გამოსაყენებლად უვარგისია.
დავით დარახველიძის განცხადებით საწყობებში, ასევე აღირიცხა 1 172 ცალი, 40 000 ლარამდე ღირებულების ბუნებრივი აირით სავსე მინი გაზის ქურა, რომელიც შეძენილი იყო 2009 წელში და დღემდე ინახება საწყობებში. ამასთან, 2 143 ცალი 300 000 ლარის ღირებულების შეშის ღუმელი. საწყობებში განთავსებული 233 ტელევიზორი და 64 მაცივარი ვიზუალური დათვალირებით, გამოსულია მწყობრიდან. 2009 წლის 28 დეკემბრისათვის, სამინისტროს მიერ სხვადასხვა დაწესებულებებიდან 45 000 ადამიანისათვის შესყიდულია საწოლები (ერთი და ორ ადგილიანი) მაშინ, როცა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა რიცხცი მონაცემთა ბაზის მიხედვით 15 000 იყო. შემოწმებით ასევე გამოვლინდა 2 607 000 ლარის ღირებულების უსაქონლო ოპერაცია.
შესწავლის მიხედვით ასევე გამოვლინდა, რომ სამინისტრომ ერთ-ერთი ორგანიზაციისგან შეისყიდა 400 ერთეული ავეჯი, რომელიც დამზადებულია ერთ დღეში. დავით დარახველიძის თქმით - „რეალობისაგან ძალიან შორს არის ერთ დღეში 400 ერთეული ავეჯის დამზადება, რაც ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს უსაქონლო ოპერაციასთან“.
მინისტრმა საქართველოს მაშინდელი კონტროლის პალატის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შემოწმების ოქმებში მსგავსი საქონელი არსად ფიგურურებს.
„ საქართველოს კონტროლის პალატამ აღნიშნული თემები და საკითხები ორჯერ შეამოწმა. პირველად ეს მოხდა 2009 წელს. შეუძლებელია, შემმოწმებელთა ჯგუფს არ ენახა ის მდგომარეობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ მას, როგორც ყველასათვის ცნობილია, არანაირი სამართლებრვი რეაგირება კონტროლის პალატის მხრიდან არ მოჰყოლია. ეს, რა თქმა უნდა, იმსახურებს მკაცრ შეფასებას და ძალიან გულსატკენია, რომ ასეთი რამ მოხდა. მასალები უკვე გადაეცა საქართველოს პროკურატურას და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და დაიწყება ამ საკითხზე გამოძიება“ - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კონტროლის პალატის მეორე შემოწმებას, მინისტრის თქმით, 2012 წლის 20 დეკემბერს სამინისტრომ მიიღო მასალები კონტროლის პალატიდან მეორე შემოწმების შესახებ. „შემოწმება მოიცავდა 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდს. მეორე შემოწმების მასალებში ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან სახსრების გამოყენების ხარჯვის მდგომარეობა, კანონიერება, მიზნობრიობა“. აღნიშნულთან დაკავშირებით კონტროლის პალატას რეაგირება არ მოუხდენია და ცნობა 2010 წელს დამთავრებული რევიზიის შესახებ სამინისტროს მხოლოდ 2012 წლის 20 დეკემბერს მიაწოდა. ცნობაში მითითებულია, რომ ანგარიში 26 გვერდიანია, მაგრამ მისი მე-8 და მე-9 გვერდები ცარიელია. სავარაუდოა, რომ ამ გვერდებზე ყოფილიყო ისეთი ინფორმაცია, რომლის მოწოდება არ იყო სასურველი სამინისტროსთვის“ - აღნიშნა დარახველიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სპეციალური განცხადებით საქართველოს პარამენტსაც მიმართა: „მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს და ვთხოვო საქართველოს ყოფილი კონტროლის პალატის, ამჟამად აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დანაშაულებრივი თანამონაწილეობის საკითხების შემოწმება საპარლამენტო კომისიის მიერ საქართველოს დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ორივე შემოწმება არის დანაშაულებრივი და მისი შედეგების დაფარვა არის დანაშაულებრივი თანამონაწილეობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, დევნილთა და განსახლების სამინისტროთან ერთად.“

ბეჭდვა