"მემარჯვენეები" განათლების სამინისტროს პასუხს სთხოვენ
"მემარჯვენეები" განათლების სამინისტროს პასუხს სთხოვენ
14:54 09.03.2012
"ახალი მემარჯვენეები" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეგიონებში ვიზიტებისას სკოლებში სასწავლო პროცესის ჩაშლის გამო, განათლების სამინისტროს პასუხს სთხოვენ.  ამის შესახებ პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
მისი თქმით, რაიონებში ვიზიტების დროს პრეზიდენტის დასახვედრად საჯარო სკოლებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების მასობრივად მობილიზება ხდება.
ნაჭყებიამ დღეს ბრიფინგზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი წარადგინა. ვიდეოზე ასახულია ახმეტის რაიონის საჯარო სკოლებიდან გამოსული მოსწავლეები, რომლებიც პრეზიდენტის დასახვედრად მოწყობილ ღონისძიებაზე მიემართებიან.
მისი თქმით, მათი მობილიზაციის პროცესს, ახმეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი ხელმძღვანელობდა.
მანანა ნაჭყებიამ ასევე აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავს ღონისძიებებზე მოზარდები ღია ძარის მქონე მანქანებით გადაჰყავთ, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ბეჭდვა