არასამთავრობოები თვითმმართველობის რაფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით გამოდიან
არასამთავრობოები თვითმმართველობის რაფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით გამოდიან
15:10 28.12.2012
საქართველოში მოქმედი 22 არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი ხელისუფლებას ახსენებენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თვითმმართველობის გაძლიერების დეკლარირებული მიზნის ნაცვლად ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო დანამატი გახდა. სწორედ მოქმედი სისტემის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სახელმწიფოში, ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებში იწყება ყოფილი მმართველი პარტიიდან ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი პროცესი. ასე მოხდა "მრგვალი მაგიდის", "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების" მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის დროს.
სამწუხაროდ ეს ტენდენცია დღესაც ნარჩუნდება და სახეზეა თვითმმართველობებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით არჩეულ წევრთა "ქართულ ოცნებაში" გადასვლის მრავალი მაგალითი. მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის არსებული სისტემისა და პრაქტიკის შენარჩუნება მომავალშიც ანალოგიურ პრობლემებს შეუქმნის როგორც ზოგადად ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ისე, კონკრეტულად, მმართველ პარტიას“ - ნათქვამია განცხადებაში..
არასამთავრობოების პოზიციით, რეალური თვითმმართველობის გარეშე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და თავისუფალი საზოგადოების ფორმირება შეუძლებელია.
ამ მიზნით, თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნებამდე, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევენ, რომ ყველა დაინტერესებული მხარისა და მთლიანად ქართული საზოგადოების აქტიური მონაწილეობით დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დიალოგი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე შემუშავდეს და დაინერგოს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისეთი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ყოველი მხარის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მოთხოვნილების მაქსიმალურ დაკმაყოფილებასა და ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან რეალურ დაახლოებას.
გარდა ამისა, არასამთავრობოების განცხადებით, თვითმმართველობები უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისაგან. ნათლად განისაზღვროს მათი ფორმირებისა (არჩევნები) და საქმიანობის (რეგლამენტი) წესი და ისინი უზრუნველყოფილნი იქნენ საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი მეაქნიზმებით, ნათლად გაიმიჯნოს ქვეყნის ხელისუფლებისა და თვითმმართველობათა უფლებამოსილებანი, ამ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, მატერიალური (ფინანსური და ქონებრივი) რესურსები და გამოირიცხოს სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივ უფლებამოსილებებში უკანონო ჩარევის შესაძლებლობა და ჩამოყალიბდეს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ისეთი ინსტიტუციონალიზებული მექანიზმები, რომლებიც საფუძველშივე აღმოფხვრის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ საზოგადოებრივი ინტერესებით მანიპულირების შესაძლებლობას.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მივესალმებით 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ყოვლისმომცველი დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების თაობაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს წინამორბედთა შეცდომებს.
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს არ დაუშვან ადგილებზე ვითარების შემდგომი დაძაბვა, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საზოგადოებრივი ინტერესებით მანიპულირების ყველა მცდელობის აღსაკვეთად და ქვეყანაში ევროპული ტიპის თვითმმართველობის დასამკვიდრებლად“ - ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა