სენაკის ბაზაზე 800-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო
სენაკის ბაზაზე 800-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო
14:57 28.12.2012
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 800 წვევამდელი შეემატა. ფიცის მიღების ცერემონიალი დღეს სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.

წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა .

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში სამსახური, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტია. ჩემი, როგორც სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა, სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო პირობების შექმნაა. მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, რომ თქვენში აღზარდა მებრძოლი სული, პატრიოტიზმი და ქვეყნის მიმართ სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, ბევრ თქვენგანს ექნება სურვილი სამხედრო კარიერა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში განაგრძოს“ - განაცხადა ალასანიამ.

საზეიმო ცერემონიალს ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. ფიცის მიღების შემდეგ, წვევამდელები კაპელანმა მამა იოსებმა დალოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, II ქვეითი ბრიგადის ბაზა დაათვალიერა და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

ბეჭდვა