„სილქნეტი“ ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ იანვრის ნომრის პრეზენტაციას გამართავს
„სილქნეტი“ ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ იანვრის ნომრის  პრეზენტაციას გამართავს
10:34 28.12.2012
კომპანია „სილქნეტი“, დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ იანვრის ნომრის პრეზენტაციას გამართავს.
დღესვე გაიმართება აშშ გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) 125-ე საიუბილეო წლის საზეიმო გახსნის ცერემონიაც.
„სილქნეტის“ ცნობით, 2013 წელს მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება, რომელიც ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების 125 წლის იუბილეს ეძღვნება და სადაც ცნობილი მეცნიერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას ქართული რედაქციაც გეგმავს.
აშშ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება 1888 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის ინტერესის სფერო მოიცავს გეოგრაფიას, არქეოლოგიას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ასევე, ხელს უწყობს ბუნებისა და ისტორიული ძეგლების კონსერვაციას და მსოფლიო კულტურისა და ისტორიის შესწავლას. წლების განმავლობაში საზოგადოების დაფინანსებით არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია თუ კვლევითი პროექტი განხორციელდა. სწორედ აშშ გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააფინანსა თავის დროზე დმანისის ექსპედიცია, რომელსაც დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა და ამ საზოგადოების მეშვეობით გაიცნო მსოფლიომ ზეზვა და მზია. უკვე 125 წელია, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება შთაგვაგონებს, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე.
ჟურნალი National Geographic-ი, 1888 წლიდან აშშ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა და მისი მთავარი მისიაა, გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ. ჟურნალი 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა.

ბეჭდვა