თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013“ განსახილველად წარუდგინა
თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013“ განსახილველად წარუდგინა
18:29 27.12.2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს, სამოქალაქო საზოგადოებას განსახილველად „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013“ წარუდგინა.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციითვე, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურება თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს გადაწყდა. შეხვედრის მიზანი თავდაცვის უწყების მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად, სამომავლო მექანიზმების შემუშავება იყო.
,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013” მიმდინარე ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაგეგმვის ძირითადი დოკუმენტია. ის საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული დაგეგმვისა და მისი შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის პროცესისათვის კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტებს და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.



ბეჭდვა