საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დასახელდა
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დასახელდა
18:47 26.12.2012
არნემის ვიტესის კაპიტანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია, დღეს ჟურნალისტებმა 2012 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ჰოლანდიურ კლუბში მესამე სეზონს ატარებს, საქართველოს საუკეთესო მოთამაშე, სფფ-ს ვერსიითაც გახდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გახსნილმა ახალმა სპორტ-კაფემ უმასპინძლა. გურამ კაშიას საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა შოთა არველაძემ გადასცა.

„ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა! მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ამ გამოკითხვაში მხარი დამიჭირეს" - განაცხადა გურამ კაშიამ.

მეორე-მესამე ადგილებზე ფინეთის ქალაქ ტურკუს ინტერის ფორვარდი ირაკლი სირბილაძე და ლატვიის დაუგავას თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე გავიდნენ. ორივე მათგანი თავისი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

ჟურნალისტებმა საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და ეროვნული ჩემპიონატის უძლიერესი მოთამაშეც დაასახელეს. პირველ ნომინაციაში პოლონეთის იაგიელონიას შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ გაიმარჯვა - მან ლუკა ზარანდიას და ნიკა ჭანტურიას აჯობა, მეორეში კი თბილისის დინამოს ესპანელმა ბომბარდირმა ჩისკომ. ამ უკანასკნელის კონკურენტები თანაკლუბელები ჯაბა დვალი და გიორგი ლორია იყვნენ.

ბეჭდვა