კულტურის სამინისტროში ალბომის - „ქართული ხელნაწერი,“ პრეზენტაცია გაიმართება
კულტურის სამინისტროში ალბომის - „ქართული ხელნაწერი,“ პრეზენტაცია გაიმართება
18:11 26.12.2012
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ, კულტურის სამინისტროს საპრეზენტაციო დარბაზში ალბომის - „ქართული ხელნაწერი”, პრეზენტაცია გაიმართება.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალბომი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ხელნაწერი წიგნის“ საფუძველზე შედგა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული, V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინას მთა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტომასალები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფლობს. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი კი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე.

ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის და ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

პრეზენტაციას წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილეები და ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიება ხვალ 11 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა