ზაზა გაბუნია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს
ზაზა გაბუნია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს
12:13 26.12.2012
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან, მისი მისამართით გამოთქმულ ცილისწამებაზე ისაუბრა.
"გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჩემთან დაკავშირებით მიმართეს ცილისწამების იაფფასიან ხერხს და თქვეს, რომ თითქოს მე შეცდომაში შემყავს საზოგადოება და თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული და მეორეხარისხოვანი ხარჯები არ აღემატება სოციალურს. იმის დასამტკიცებლად, რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადებები არის ყალბი და ცილისმწამებლური, მე წარმოვადგენ დოკუმენტაციას საიდანაც ჩანს ჩემი სიტყვების მართებულობა და ისიც, რომ სოციალურ ხარჯებს მართლაც სამჯერ აღემატება ადმინისტრაციული და პარტიული ინტერესებისთვის გამოყოფილი თანხები"- განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, ბიუჯეტის დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ მერიის მიერ შედგენილ და საკრებულოს უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ 2013 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის ხარჯები 23 მილიონი ლარია, უსახლკაროთათვის კი გამოყოფილია მხოლოდ 71 ათასი ლარი, ხოლო მერიის ხარჯები 47 მილიონს და "სხვა ხარჯები" კი 110 მილიონს შეადგენს.

ბეჭდვა