„დემოკრატიული მოძრაობა“ პატრიარქს ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ პატრიარქს ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს ულოცავს
15:44 25.12.2012
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო,“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს ულოცავს და მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
„ბოლო 35 წლის განმავლობაში, სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა და აშენდა რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია, წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა. რაც ყველაზე მთავარია ხალხი დაუბრუნდა რწმენას და დღეს ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს.
უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე განუზომელია, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ყველაზე მთავარი, რომ უწმინდესი და უნეტარესი, როგორც ჭეშმარიტი სულიერი მამა, სამშობლოსათვის ყველაზე რთულ ვითარებაში ინარჩუნებდა ბრძნულ პოზიციას და იყო გარანტი ერის ერთიანობისა. იგი ყოველთვის სიმშვიდისაკენ და ერთიანობისაკენ მოუწოდებდა მთელს ერს, თუმცა სამწუხაროდ მისი სიტყვები ყოველთვის შესმენილი არ იყო“ - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ თითოეულ მართლმადიდებელს უსურვებს, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა არ მოკლებოდეს მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს.

ბეჭდვა