„ერეკლე მეორის საზოგადოება“ სააკაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება
„ერეკლე მეორის საზოგადოება“ სააკაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება
11:58 25.12.2012
„ერეკლე მეორის საზოგადოება“, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ არა თუ არ იარა ილიას გზით, მის ძეგლებსა და მონუმენტებსაც კი არ მოუარა.

„ვფიქრობთ, რომ მისი მხრიდან ილია ჭავჭავაძის სახელის ხსენება არის ცინიზმის აპოთეოზი“-აცხადებს ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე.

ჭყოიძის განცხადებით, სააკაშვილმა წიწამურთან ილიას ძეგლის მოსავლელად თანხა ვერ გაიმეტა მაშინ, როდესაც კვერცხებისა და ველოსიპედის გაუგებარ ქანდაკებებზე მილიონებს ხარჯავდა.

„რა სინდისით ახსენებს ამ უდიდეს ქართველს, როდესაც მისი ღვაწლის დასაფასებლად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ფასადურად მაინც?! რაც შეეხება მის გამოთქმას ჭორვილიზაციისა და ილიას გზას შორის არჩევანის შესახებ, მე ეს ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფად მიმაჩნია, რადგან პრეზიდენტმა პრემიერის წარმომავლობის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებით სოფლად მცხოვრებ თუ სოფლიდან წამოსულ ყველა მოქალაქეს მიაყენა შეურაცხყოფა. ის რომ ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში, ეს პირიქით, დადებითი ფაქტია, და მის შრომისმოყვარეობაზე მეტყველებს. ამასთანავე, მან შეძლო ძალიან ბევრის გაკეთება თავისი ქვეყნისთვის. შევახსენებ სააკაშვილს, რომ უდიდესი მოღვაწეების, დიდი ქართველი პოეტების, მწერლების თუ მეცნიერების უმრავლესობა, სოფელში გაიზარდა ვაჟა-ჩარგალში, აკაკი-სხვიტორში, ყაზბეგი-სტეფანწმინდაში, ილია-ყვარელში და ა.შ. პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ არ ცვლის თავის ჩვეულ რიტორიკას და ახლა ერთმანეთს უპირისპირებს ილიას და სტალინს. როგორც ჩანს, მან არ იცის, რომ ილია ჭავჭავაძე სტალინის ლექსებს თავის გაზეთში ბეჭდავდა და ფსევდონიმი „სოსელოც“ თავად შეურჩია. მისი დავალებით ილიას შემოქმედება მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. სააკაშვილი კი ნამდვილი დიქტატორივით იქცევა და მის ძეგლებს ხალხის დაუკითხავად ანადგურებს. ეს ხდება მაშინ, როცა აშშ-ში, კონკრეტულად კი ტეხასში, რუზველტთან და ჩერჩილთან ერთად სტალინის ძეგლსაც დგამენ და პატივს სცემენ როგორც ფაშიზმის დამამარცხებელს. თუ არა ავადმყოფური აკვიატება, ისტორიული ძეგლი სტალინის ისტორიულ სამშობლოში ნამდვილად არავის უშლიდა ხელს“-აცხადებს ჭყოიძე.

ბეჭდვა