საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, დღეს, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”,
2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას 2013 წლის გეგმები გააცნო.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას 2013 წლის გეგმები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წარუდგინა. მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოწესრიგებაზე, პროექტების ეფექტიანობის ამაღლებასა და კოორდინაციაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ კი, სამინისტროს მიერ 2012 წლის მანძილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საქრთველოში მყარი ნარჩენების მართვის, სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის კოორდინაციის, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ გაამახვილა ყურადღება.