ეროვნულ არქივში გამოფენა "ვახტანგ VI" დაიწყო
ეროვნულ არქივში გამოფენა "ვახტანგ VI" დაიწყო
18:10 20.12.2012
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, დღეს გამოფენა "ვახტანგ VI" გაიხსნა.

ქართლის გამგებლისა და მეფის, პოეტის, მთარგმნელის, მწიგნობარისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ VI-ის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მათ შორის არის როგორც მეფობის პერიოდში მის მიერ გაცემული დოკუმენტები, ისე ლექსები, თარგმანები, კანონები და მის მიერ დაარსებული სტამბის გამოცემები.

ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაიით, სამართლის წიგნის შედგენამდე ვახტანგ VI-მ ერთ კრებულში მოაქცია ძველი ქართული თუ უცხოური სამართლის წიგნები. ამას დაურთო დარბაისელთა უშუალო მონაწილეობით თავისი შედგენილი "სჯული", რის შემდეგაც მისი კანონები მალე მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად იქცა.

საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს 1700-1732 წლებში ვახტანგ VI-ის საქმიანობის ყველა სფეროს. არქივში დაცულია მის მიერ გაცემული 171 საბუთი, აგრეთვე მრავლადაა საქმიანი იურიდიული დოკუმენტები, სადაც ვახტანგის კანონებია გამოყენებული.

ეროვნულ არქივში გამოფენა დღეს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ბეჭდვა