ავიაკომპანია „აირზენამ“ კიევის მიმართულებით ფრენები განაახლა.
ავიაკონპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია კიევის მიმართულებით რეისებს, ახალი, „ბოინგ 737“-ით შეასრულებს, რომელიც „აირზენამ“ სულ ახლახანს შეიძინა. ავიაკომპანია კიევის მიმართულებით რეისებს კვირაში 4-ჯერ, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
კიევი-თბილისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 99 ევროდან დაიწყება. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული დაბალი ტარიფი იმ საახალწლო აქციის ნაწილია, რომელსაც „აირზენა“ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, მგზავრს არსებული 20 კილო უფასო ბარგის გარდა, დამატებით, 10 კილო ბარგის გადატანაც შეუძლია. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კი კიევი-თბილისის რეისზე მგზავრს ტურისტული ინფრასტრუქტურის, საუბარია თხილამურებზე და სხვა დამხმარე აქსესუარებზე, უფასოდ შეეძლება.
ასევე 28 დეკემბრიდან „აირზენა“ ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს გაზრდის და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა დღეში 2 რეისიც კი განახორციელოს.
ავიაკომპანია "აირზენამ" ავიაპარკის განახლება უკვე დაიწყო და რამდენიმე თვის უკან „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია "ბოინგთან" ხელშეკრულება გააფორმა. "აირზენას" ავიაპარკს 2018 წლის ბოლომდე ორი, უკანასკნელი მოდელის "ბოინგი" შეემატება, საიდანაც ერთი „ბოინგ 737"-ი კომპანიამ უკვე შემოიყვანა და თავდაპირველად რეისებს კიევის მიმართულებით შეასრულებს. ხოლო „ბოინგ 787" „დრიმლაინერი" „აირზენას“ ავიაპარკს 2018 წელს შეემატება.