საქართველოს საპატრიარქო, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისამართით,
სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელებულ პროვოკაციაზე განცხადებას ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ბატონმა ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა `კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი~.
გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით. მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება. თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს.
შევნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული" - ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქოში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ინფორმაციის შემცველი იყო გავრცელებული პროვოკაციული მასალა.
