რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, იმ ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა,
რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას გააჩნია.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სამინისტრო და მისი საქვეუწყებო სამსახურები, მუნიციპალური განვითარების ფონდი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებენ.
სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ჩაერიცხათ კონტრაქტორ კომპანიებს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მათ მიმართ დავალიანება არ გააჩნია“ - განაცხადა მინისტრმა.
მანვე, ბრიფინგზე, გზების მოვლა-პატრონობის საკითხზეც ისაუბრა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, შიდა გზების მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაა. ბოლო პერიოდში გახშირებული მოთხოვნები, წინასაარჩევნოდ დაწყებული სამუშაოების დასრულებასთან, დაზიანებული გზების შეკეთებასთან დაკავშირებით და დიდთოვლობის პერიოდში გზების გაწმენდასთან დაკავშირებით, არ განეკუთვნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებას.
„ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა დიდთოვლობის პერიოდში საქართველოს ყველა ცენტრალური მაგისტრალი გამტარუნარიანი იყოს და მოსახლეობის გადაადგილება არ შეფერხდეს. ამ მიზნით შეძენელია 19 ერთეული თოვლსაწმენდი ტექნიკა ცენტრალურ გზებზე მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად“ - აცხადებენ სამინისტროში.
