სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით,
განათლების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით, პროექტი ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა.
მათი ინფორმაციით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სასწავლო გეგმის ექსპერტები და განათლების ფსიქოლოგები 17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის და შეიქმნა ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს შეკითხვები და რეკომენდაციები.
