სასტუმრო „რედისონში“ ტოლერანტობის ცენტრი მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს
სასტუმრო „რედისონში“ ტოლერანტობის ცენტრი მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს
10:41 18.12.2012
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით, დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

მონიტორინგი სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ჩაატარა და ის მიზნად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის
პროგრამების შეფასებას და არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით რეკომენდაციების
შემუშავებას ისახავდა.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ, 12 წევრისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი აირჩია, რომელიც ოთხ სამუშაო ქვე-ჯგუფად დაიყო.

მონიტორინგის პროცესში მოეწყო შეხვედრები და ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, თემთა ლიდერებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სულ 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში ასახავს მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ
გამოწვევებს და მიღწევებს, ასევე შესაბამის რეკომენდაციებს.

მონიტორინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) და უმცირესობათა ევროპული ცენტრის (ECMI) ხელშეწყობით.


ბეჭდვა