რუსთავის №16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, დღეს ფოტოგამოფენის - „საგანძური“ პრეზენტაცია გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს სრულიად უპრეცედენტო ღონისძიება არის ნაწილი „საგანძურის“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის პროექტისა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს 2012 წლის 28 სექტემბრიდან და რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენამ უკვე იმოგზაურა მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელსა და გურჯაანში. ექსპოზიციის მოწყობის პარალელურად ყველა დამთვალიერებლისათვის მოეწყო შემეცნებითი პროგრამა.
ამჯერად „საგანძური“ და მისი თანმდევი შემეცნებითი პროგრამა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის გაიმართება. ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი ექსპოზიციის დათვალიერება და მიმოხილვით ექსკურსიაზე დასწრება.
ამასთან, დაწესებულებაში მყოფ ყველა ადამიანს საჩუქრად გადაეცემა პროექტის შემეცნებითი ნაწილის ბეჭდვითი მასალები.
