საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს" (GIPA) შორის, დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის მმართველობის სკოლის, ადგილობრივი მმართველობის პროგრამის მაგისტრანტების გადამზადებას და პრაქტიკის წარმატებულად გავლის შემდეგ, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო სამსახურებში მათ დასაქმებას. ასევე სტუდენტთა ხელშეწყობას პროფესიული ცოდნის გაძლიერებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.
მემორანდუმს ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" (GIPA) რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა იოსელიანმა მოაწერეს.
