სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“-ში, დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების ბაზაზე შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა კი, ქვეყანაში სერვისების განვითარების ხელშეწყობა იქნება.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. პრეზენტაციას საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები დაესწრებიან.
სააგენტოს ინფორმაციითვე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად იმუშავებს თანამშრომლობის მსურველ უწყებებთან, როგორც ახალი სერვისების იდენტიფიცირების და დანერგვის, ასევე არსებული მომსახურებების გაუმჯობესების კუთხით, რაც მოქალაქისთვის სახელმწიფო სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის.
