"დემოკრატიული მოძრაობა" პოლიტიკური პარტიებისთვის მომზადებულ მემორანდუმზე ხელს მოაწერს
"დემოკრატიული მოძრაობა" პოლიტიკური პარტიებისთვის მომზადებულ მემორანდუმზე ხელს მოაწერს
16:26 08.03.2012
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრები პოლიტიკური პარტიებისთვის მომზადებულ მემორანდუმს ხელს მოაწერენ.  ამის შესახებ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" მიერ გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიგანტური კაშხლების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული მემორანდუმის მხარდაჭერა პატიებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხედვა იმ მეტად პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავალი ჰქვია" - განაცხადა ოგბაიძემ.

"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ნესკრასა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა უკვე დაწყებულია, რაც მოსახლეობასა და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს
უქმნის.

"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი" კამპანია "უსაფრთხო ენერგეტიკა სიცოცხლისთვის" ნაწილია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისთვის მემორანდუმი შემუშავდა, რომელიც ქვეყანაში დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მემორანდუმს ენერგეტიკის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან.


ბეჭდვა