ვანო მერაბიშვილი სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენის წინააღმდეგ გამოდის
ვანო მერაბიშვილი სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენის წინააღმდეგ გამოდის
18:27 12.12.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მსუბუქ ავტომანქანებზე ტექდათვალიერების აღდგენის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მან დღეს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

„2004 წელს მიღებული გადაწყვეტილებით სავალდებულო ტექდათვალიერება გადავადებული იქნა 2013 წლის 1 იანვრამდე და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი ამ ვადას არ გაახანგრძლივებს, ქართველ მძღოლებს მოუწევთ საკუთარი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარება.

2004 წელს, როდესაც ტექდათვალიერების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული ცვლილების ოპონენტთა მთავარი არგუმენტი იყო რომ ტექდათვალიერების გაუქმება გაზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევათა და შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობას. მას შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 2011 წლის მონაცემებით 750 ათასი შეადგინა. მიუხედავად ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდისა, უკანაკნელი 4 წლის განმავლობაში, 2011 წელს 2008 წელთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების (26%-ით), შემთხვევების შედეგად დაშავებულების (27%-ით) და გარდაცვლილების (29%-ით) შემცირებას. აღნიშნული ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ ტექდათვალიერების მომხრეთა არგუმენტები საფუძველს არის მოკლებული“ - აცხადებს მერაბიშვილი.

მისივე თქმით, სავალდებულო ტექდათვალირების შემოღება მძიმედ ტვირთად დააწვება პირველ რიგში სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთათვისაც ავტომობილი ხშირ შემთხვევაში არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

„გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 2004 წელს მოხდა სავალდებულო ტექდათვალიერების გაუქმება - ეს პროცედურა და მასში მონაწილე კომპანიები თუ სახელმწიფო ორგანოები წარმოადგენდნენ კორუფციის ბუდეს, რისი დაბრუნებაც დღევანდელ საქართველოში დაუშვებელია“ - მიიჩნევს ექსმინისტრი.

მერაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და არ დააბრუნებს საქართველოში შევარდნაძის დროინდელ კორუფციის ბუდეს და არ გაურთულებს ცხოვრებას ქართველ მძღოლებს.

ბეჭდვა