"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ყველა ქალბატონს 8 მარტს ულოცავს
და აღნიშნავს, რომ ამ დღესასწაულზე ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი განსაკუთრებულობა კიდევ ერთხელ გაიხსენონ.
ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღესასწაულად და შესაბამისად ქვეყანაში დასვენების დღედ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში აღდგა.
"ამ დღესთან დაკავშირებით მაშინ პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდა ადგილი. იმ მოტივით, თითქოს ეს ბოლშევიკური და კომუნისტური დღესასწაულია, მისი გაუქმების მცდელობა იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ელემენტარული უცოდინარობაა. ამ დღის ისტორია 1857 წლიდან იწყება, როდესაც პირველად აშშ-ში მშრომელი ქალები დემონსტრაციაზე საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ" , - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში ბურჯანაძემ.
როგორც "ნიუსპრესს" ბურჯანაძემ განუცხადა, თავად 8 მარტს დედისთვის მილოცვით იწყებს.
"ჩვენი ოჯახის მამაკაცები ქალბატონებისთვისაც იცლიან და მილოცავენ, შემდეგ მეც ვულოცავ ჩემს მეგობრებს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
